მთავარი სტატიები
ფსიქოლოგის რჩევა ნარკოდამოკიდებულებაზე
ნარკოპოლიტიკის ეროვნული ფლატფორმის წევრის, ფსიქოლოგი მანანა სოლოღაშვილის რჩევები.


ნარკოდამოკიდებულება არის ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე (ნარკოტიკი, ალკოჰოლი, ფსიქოტროპული საშუალებები) პათოლოგიური მიჯაჭვულობა-დაავადება, რომელიც ვლინდება ფსიქოლოგიური და ფიზიკური დამოკიდებულების სახით. ის ვლინდება რომელიმე ფსიქოაქტიური ნივთიერების ჭარბი და ქრონიკული მოხმარების შედეგად.

დამოკიდებულების მქონე ადამიანის გამოჯანმრთელებისათვის, საზოგადოებაში მისი რესოციალიზაცია/რეინტეგრაციისათვის   საჭიროა მისი  სრული ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის პროცესის დაწყებამდე  აუცილებელია პაციენტს ჩაუტარდეს დეტოქსი (დეზინტოქსიკაციური თერაპია).

ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია მოიცავს შემდეგ ძირითად საფეხურებს: პრობლემის გაცნობიერება და აღიარება (აუტოდიაგნოზი); გადაწყვეტილების მიღება  სიფხიზლის შესანარჩუნებლად; თვითანალიზი; ძალისხმევა მიზნის მისაღწევად და შესანარჩუნებლად; პასუხისმგებლობის აღება საკუთარ სიფხიზლეზე. რეაბილიტაციის ყველა ეტაპზე საჭიროა პროფესიონალური მხარდაჭერა, განსაკუთრებით რეაბილიტაციის დასაწყისში. სოციალური რეაბილიტაცია მოიცავს გამოჯანმრთელებადი წამალდამოკიდებული პირის საზოგადოების სრულფასოვან წევრად გახდომას (ოჯახი, სამსახური).

წამალდამოკიდებულება  განსხვავდება ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებისაგან, მოხმარება შეიძლება იყოს ექსპერიმენტული, რეკრეაციული ან სოციალური, მაგრამ წამალდამოკიდებულება უკვე არის პიროვნებაში ღრმად ფესვებგადგმული დამოკიდებულების დაავადება . აქედან გამომდინარე თუ პიროვნება თავს ანებებს ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებას დასაწყის ან კრიტიკულ სტადიაზე, გაცილებით უადვილდება მას გამოჯანმრთელება, ვიდრე ქრონიკულ სტადიაზე, როდესაც უკვე ჩამოყალიბებულია დამოკიდებულების დაავადება, თუმცა გამოჯანმრთელება ყველა სტადიაზეა შესაძლებელი.

გამოჯანმრთელების გზაზე უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების და განსაკუთრებით ოჯახის წევრების მხარდაჭერას. შეუძლებელია წამალდამოკიდებული ადამიანის სრული რეაბილიტაცია ოჯახის ხელშეწყობის გარეშე, ამის შესახებ კვლევებიც მეტყველებს, რომ ის დამოკიდებულების მქონე პირები ინარჩუნებენ ყველაზე დიდხანს და ხშირად სიცოცხლის ბოლომდეც სისუფთავეს და სიფხიზლეს, ვისი ოჯახის წევრებიც აქტიურად არიან ჩართულნი რეაბილიტაციის პროცესში. საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა კი გულისხმობს მათ აღქმას საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, მათ დასაქმებას და არა სტიგმატიზაცია/დისკრიმინაციას.

7 რჩევა მანანა სოლოღაშვილისგან:

წამალდამოკიდებულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ არასოდეს არ არის გვიან ითხოვოს დახმარება.
წამალდამოკიდებული ადამიანის ოჯახის წევრებს ვურჩევ, არასოდეს არ დაკარგონ იმედი და მხარი დაუჭირონ მამას, ქმარს, შვილს, დედას, დას, ძმას და ა.შ.
საზოგადოება მეტი გაგებით უნდა მოეკიდოს წამალდამოკიდებულების პრობლემას და გაითავისოს მისი მასშტაბურობა, საქართველოს რეალობაში ის ყოველი მე-14 ოჯახის პრობლემაა და ძირითადად ჩვენი მოსახლეობის ახალგაზრდა ასაკზე მოდის.
გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ვურჩევ, გამოიჩინონ კეთილი ნება და იზრუნონ წამალდამოკიდებული ადამიანებისათვის სარეაბილიტაციო პროგრამების შექმნაზე. ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი რეზიდენტული ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა დამოკიდებულების მქონე პირის  სრული ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.
ვინაიდან ფსიქოაქტიური ნივთიერების გასინჯვა ძირითადად თინეიჯერულ ასაკზე მოდის, თუ ჯერ კიდევ არ გაუსინჯავთ, თავი შეიკავონ მისი მოხმარებისაგან, რადგანაც ზოგჯერ ერთი გასინჯვის შემდეგაც კი შესაძლოა ჩამოყალიბდეს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რაც ქრონიკულს ხდის წამალდამოკიდებულებას.
წამადამოკიდებულ პირს მთელი ცხოვრება სჭირდება ბრძოლა საკუთარი სიფხიზლის შესანარჩუნებლად, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
განვითარებულმა ქვეყნებმა წამალდამოკიდებულების მიმართულებით წარმატებებს მიაღწიეს ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაციით(დეკრიმინალიზაცია), ზიანის შემცირების სერვისების შეთავაზებით, სწორი პრევენციული ღონისძიებებით, მკურნალობა/რეაბილიტაციის შეთავაზებით. სადღეისოდ საქართველოში გამართულად მხოლოდ დეტოქსი და ზიანის შემცირების პროგრამები მუშაობს ან კერძო სექტორის ძალისხმევით ან საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით. სასურველია ჩვენც გავიზიაროთ მოწინავე ქვეყნების გამოცდილება, მით უმეტეს რომ ქვეყანაში მიმდინარეობს ცე-ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, მისი წარმატებული განხორციელებისათვის კი აუცილებელია ნიმ (ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები)-ის კოჰორტაში აღარ არსებობდეს ახალი დაინფიცირების შემთხვევები.

Twitter